24 მაისის ღამე იდგა, რამდენიმე საათში უნდა გამეღვიძა და “ელიტ-ტურის” ოფისთან უნდა წავსულიყავი. დავწექი და მომავალი ორი დღის შესახებ დავიწყე ფიქრი. ემოციების გამო დაძინება მიჭირდა, თუმცა ბოლოს მაინც მოვახერხე და ორიოდ საათით მოვხუჭე თვალი.

Deep Purple - Georgian Fans Sprinter

გათენდა, დილის 6 საათზე უკვე ფეხზე ვიდექი, მივიღე შხაპი და პატარაზე ვისაუზმე. ცოტა ხანში გზას გავუდექი, ტაქსით დანიშნულ ადგილას მივედი, სადაც უკვე Deep Purple-ს ფანები შეკრებილიყვნენ და გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.

გასვლა დილის 7 საათზე უნდა ყოფილიყო, ამიტომაც სწორედ ამ დროისთვის დაგვიბარეს ყველანი, თუმცა გასაკვირი არავისთვის იყო, რომ 8 საათისთვის ჯერ კიდევ არ დავძრულვართ ადგილიდან. ბოლოს როგორც იქნა, ყველანი შეიკრიბნენ, ავტობუსებში გადაგვანაწილეს და ერევნისკენ გავეშურეთ.

დაახლოებით საათ-ნახევარში საქართველო-სასომხეთის საზღვარსაც მივადექით, სადაც რამდენიმე ასეული პიროვნებისგან შემდგარ უზარმაზარ რიგში მოგვიწია დგომა. საქართველოდან შინ დაბრუნებას ჩვენს რიგში არსებული სომხები რიგის დარღვევით ცდილობდნენ. ზოგს გამოუვიდა და შინ მალე დაბრუნდა, ზოგს კი ჩვენზე დიდ ხანს მოუწია ლოდინი.

რიგში დგომისას ერთ საინტერესო პლაკატს წავაწყდით, რომელზეც ნახსენები იყო, რომ სომხეთიდან ხორცის პროდუქტების გადმოტანა იკრძალებოდა.

აკრძალული პროდუქტი (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

დაახლოებით 2 საათიანი ლოდინის შემდეგ ჩვენი ძმობილი ქვეყნის მიწაზე აღმოვჩნდით, სადაც მცირე დრო წასახემსებლად გამოვყავით, ხოლო ამის შემდეგ დაიწყო გრძელი და შეუწყვეტელი გზა სომხეთის დედაქალაქისკენ.

როდესაც ერევანში ჩავედით, “ელიტ-ტურის” წარმომადგენლებმა მცირე სიურპრიზი დაგვახვედრეს, კერძოდ კი სასტუმროებისა და ჰოსტელების ტაქსებით ძებნას შეუდგნენ. ამ ბოდიალის დროს გზაზე მოხდა ის, რასაც მხოლოდ ქართველი თუ გააკეთებდა. რუსთაველის გამზირის მაგვარ ადგილას ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლმა სრულიად მოულოდნელად გზის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში, საპირისპირო მიმართულებით მავალი ავტომობილების ხაზზე გადმოუხვია, (რის გამოც, რამდენიმე წამით მოძრაობაც კი შეფერხდა) რაც სრულიად გასაკვირი აღმოჩნდა, ჩვენთვის თუ არა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაინც.

მიუხედავად იმისა, რომ სასომხეთში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი ფორმებით იყვნენ იქაური პოლიციელები შემოსილნი, ჩვენი მძღოლისთვის ჯარიმის გამოწერა არ გასჭირვებიათ.

ქართველი მძროლის დაჯარიმება ერევანში (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

ბოლოს, როდესაც პატიოსანმა პოლიციელმა თავისი დავალება პირნათლად შეასრულა და ჩვენც გამოგვიშვა, თავისუფალი დრო აღარ გვქონდა, რათა სასტუმროსა და ჰოსტელში 1 საათით მაინც დაგვესვენა, ამიტომ პირდაპირ “კამერ დემირჩიანის სპორტისა და საკონცერტო კომპლექსს” მივადექით, სადაც ის უნდა მომხდარიყო, რისთვისაც მთელი ეს გზა ვიარეთ.

კამერ დემირჩიანის სპორტისა და საკონცერტო კომპლექსი (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

მე Deep Purple-ს უზარმაზარი პლაკატის ქვეშ (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

თურმე, არაპუნქტუალურობის უნარით ქართველებზე მეტად თუ არა, არანაკლებ სომხებიც არიან დაჯილდოებულნი. კონცერტი ერევნის დროით 19 საათზე უნდა დაწყებულიყო (ისინი ჩვენზე 1 საათით წინ არიან), თუმცა გრძელ რიგში დგომას არც აქ ავცდით და ამის გამო დაგეგმილი ღონისძიება 1 საათით გვიან დაიწყო.

სომხური მზის სხივებისგან დახუნებულნი ფოიეში შესვლისას ამოსუნთქვას ვცდილობდით და კონცერტისთვის ვემზადებოდით. ამასობაში თავს იქ შეყრილი ადგილობრივი მოსახლეობის ცქერით ვირთობდით. პირველი შთაბეჭდილება მათ შესახებ ისეთი იყო, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონოდათ, თუ სად იყვნენ. ამაში მათმა არაშესაფერისმა ჩაცმულობამ და სახის გამომეტყველებამ დაგვაეჭვა. ზოგიერთი მათგანი “ოპერის ბინოკლითაც” კი მოსულიყო. ამის შემდეგ ჩვენი ადგილები დავიკავეთ და დარბაზის შევსებას დაველოდეთ.

შესავსები დარბაზი (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

ერევნის დროით 8 საათის გახდომას სცენაზე ლეგენდარული ჯგუფის წევრების გამოსვლაც მოჰყვა. როდესაც პირველი შესრულებული სიმღერის, Highway Star-ის, მელოდია ვიცანით, ამ დროს ყველანაირი დაღლილობა და უძილობა გადაგვავიწყდა. ყველანი რაღაც დადებითი ემოციით დავიმუხტეთ და რაღაც უცნაური ძალით აღვივსეთ. ქვემოთა პარტერში მჯდარი ქართველი ახალგაზრდების უმეტესობამ სცენისკენ თვალის დახამხამებაში გადაინაცვლა და დროშის ქნევითა და ხტუნვით ცდილობდნენ ჯგუფის წევრების ყურადღების მიპყრობას.

Deep Purple on Stage (გასადიდებლა დააჭირეთ ფოტოს)

დაახლოებით ორ საათიანი კონცერტის მსვლელობისას ენით აუწერელი სიამოვნება მივიღე. ოდნავ მოშორებით ჯდომას (ან ფეხზე დგომას) ამ შემთხვევაში ერთი ძალიან კარგი პლიუსი ჰქონდა, ინსტრუმენტებისა და ვოკალის ხმა უკეთ გვესმოდა, წინ მდგარი ფანებისგან განსხვავებით. ხმის სისტემას სომხებს ნამდვილად ვერ დავიწუნებდით, პირიქით მსგავსის ქონას ჩვენს ქვეყანაშიც კი ვისურვებდი. ერთადერთი ხარვეზი, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ის იყო, რომ 2 არსებული  უზარმაზარი მონიტორიდან ერთ-ერთი რიგ-რიგობით ითიშებოდა ხოლმე, თუმცა ამას ვინღა ჩიოდა, ჩემს წინ ცოცხალი ლეგენდა, იან გილანი და ჯგუფის სხვა წევრები იდგნენ და ჩემთვის საყვარელ სიმღერებს უკრავდნენ. ასეთი რამ, მხოლოდ თუ დამესიზმრებოდა.

სომეხ გიტარისტს, სურენ არუსტამიანს, DP-ს ჯგუფის წევრებთან ერთად კონცერტზე დაკვრის საშუალებაც მიეცა. იხილეთ ვიდეო.

ვიდეოს ბმული – http://www.youtube.com/watch?v=3rqIzjT7jJc

მისმა გამოსვლამ და თანამემამულის სცენაზე დანახვამ გამოაცოცხლა სომეხი მსმენელი, თუ უბრალოდ მათთვის ნაცნობი სიმღერის გაგონებათ, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტი ერთია, მხოლოდ ამის შემდეგ წამოდგნენ ისინი ფეხზე და მოვიდნენ ენერგიაზე, რის შემდეგაც ტაშის დაკვრაც კი არ დაიშურეს ჩამოსული სტუმრებისთვის.

გასაოცარია, თუ კი როგორ ახერხებს 60 წელს გადაცილებული ადამიანი საკუთარი თავის ასეთ კარგ ფორმაში შენარჩუნებას, სცენაზე 2 საათის განმავლობაში აქეთ-იქით სირბილსა და ხტომას.

იან გილანი მზის სათვალეებში (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

თანაც შარშან, სტამბულში ჩატარებულ კონცერტზე მყოფი ქართველი ფანების თქმით, იგი წელს ბევრად უკეთეს ფორმაში ყოფილა, ვიდრე ერთი წლის წინ.

სტივ მორსის “ტანში ჟრუანტლის გამცემი” სოლოები კი ცალკე თემაა, რომლის ჩაღრმავებაც შორს წაგვიყვნს.

სტივ მორსი სოლოს შესრულების დროს (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

კონცერტის დასრულების შემდეგ სასტუმროსა და ჰოსტელებში გადანაწილების დროც დადგა, თუმცა ჰოსტელის ნაცვლად რატომღაც თავი Eurasia International University-ს საერთო საცხოვრებელში ამოვყავით, რომელიც ჩემდა გასაკვირად საკმაოდ “სუფთა” და კარგად მოწყობილი აღმოჩნდა რბილი საწოლებითა და აბაზანაში თბილი წყლით.

Eurasia International University (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

ოთახების გადანაწილების შემდეგ “ელიტ-ტურის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კიდევ ერთი მოულოდნელი სიურპრიზი გაგვიკეთა, გვახარა ამბით, რომ დილას საუზმე დაგვხვდებოდა, რომელიც თურმე აქამდე არ შედიოდა პაკეტში და შემდეგ მათი თხოვნით ჩაუმატებიათ :D .

საწოლის გაწყობისა და ვახშმის შემდეგ დასაძინებლად მოვემზადეთ, წინ კიდევ ერთი საინტერესო დღე გველოდა “ეჩმიაძინისა” (მე  კი რატომღაც HP1 გავიგონე :D ) და სევანის ტბის დათვალიერებით.

დილას დაპირებული საუზმე დაგვხვდა, რომელიც სხვათაშორის არც თუ ისე ურიგო აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი სომხური ყველი მომეწონა (თუ ვინმემ იცით თბილისში, რომ სადმე იყიდებოდეს, გთხოვთ კომენტარის სახით მაცნობოთ).

საუზმე უნივერსიტეტის სამზარეულოში (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

საუზმე უნივერსიტეტის სამზარეულოში vol.2 (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

საუზმის შემდეგ კი დადგა დრო ჰოსტელისა და სასტუმროს მცხოვრებნი ერთად დავრაზმულიყავით და მოგვენახულებინა ზემოხსენებული ადგილები. ამიტომაც გავედით ქალაქის ცენტრში და იქ შევიკრიბეთ. მანამ, სანამ ყველა მოვიდოდა, დრო გვქონდა იქაურობა დაგვეთვალიერებინა და რამდენიმე ფოტოც გადაგვეღო.

სასტუმრო Marriott ერევნის ცენტრში (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

სასომხეთის ეროვნული მუზეუმი ერევნის ცენტრში (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

მთავრობის სახლი ერევნის ცენტრში (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

ფოტოსესიის შემდეგ, როდესაც ჩვენ ჩვენს ტრანსპორტში განვთავსდით, “ელიტ-ტურის” წარმომადგენლებისგან კიდევ ერთი სიურპრიზი მივიღეთ (მოკლედ ამათმა მაგრად გაგვანებივრეს მსგავსი სიურპრიზებით რა :D ).

თურმე მძღოლები არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ დამატებითი მგზავრობის შესახებ, კერძოდ კი “ეჩმიაძინში” და სევანის ტბაზე გამგზავრებას. ისინი მხოლოდ ინფორმირებულნი იყვნენ თბილისი-ერევანი და ერევანი-თბილისის მარშრუტის გავლით. მოკლედ ამ გაუგებრობის შემდეგ, როგორც იქნა დავითანხმეთ მძღოლები და გავეშურეთ სამონასტრო კომპლექსისკენ.

"ეჩმიაძინის" სამონასტრო კომპლექსი (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

"ეჩმიაძინის" სამონასტრო კომპლექსი vol.2 (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

"ეჩმიაძინის" სამონასტრო კომპლექსი vol.3 (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

"ეჩმიაძინის" სამონასტრო კომპლექსი vol.4 (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

ამ კომპლექსით დიდად დაინტერესების სურვილი ბევრს არავის გასჩენია და ამიტომაც ვეცადეთ მალევე ტბისკენ გავმგზავრებულიყავით. აღსანიშნავია, რომ არც ორგანიზატორებმა და არც მძღოლებმა არ იცოდნენ, არც ამ კომპლექსის და არც სევანზე მისასვლელი გზა, რომ აღარაფერი ვთქვათ სასტუმროებსა და ჰოსტელებზე. ამიტომაც ერთ-ერთ მათგანს უწევდა ტაქსებით აქეთ-იქით სირბილი და ჩვენთვის გზის გაძღოლა. თუმცა ბოლოს, ჩვენი სამარშრუტო ტაქსი კოლონას გამოეყო და დამოუკიდებლად განაგრძო გზა.

ბოლოს როგორც იქნა, 70 კმ-ს გავლის შემდეგ “სომხების სიამაყეს”, სევანის ტბას მივადექით. პირველი შთაბეჭდილებები შემდეგნაირი იყო: “ახლა მესმის, რატომ ჩამოდის მთელი სასომხეთი აჭარაში დასასვენებლად” :D . ტბა იმ დროისთვის საკმაოდ სუფთა და წყნარი იყო. რომ არა ცივი ნიავი და საცურაო კოსტუმის არქონა, ალბათ შევცურავდი კიდეც : ) . თუმცა ცურვისთვის ვის ეცალა, მთელი გზა შიმშილით ლამის დავიხოცეთ. ამიტომაც ტბის პირას არსებულ ერთ-ერთ “ზაბეგალოვკაში” შევიარეთ და სუფრა გავაშლევინეთ.

სევანის ტბა (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

სევანის ტბა vol.2 (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

სევანის ტბა vol.3 (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

სევანის ტბა vol.4 (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

ნახევარ-საათიანი ლოდინის შემდეგ მაგიდას ნელ-ნელა შემწვარი თევზი, ქაბაბი, მწვადი და სალათა ავსებდა, ყოველ სადღეგრძელოზე დაცლილ ჭიქებს კი ხან კონიაკი, ხანაც არაყი ენაცვლებოდა. კერძები საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა, ერთი-ორჯერ გავიფიქრეთ კიდეც: “სომხებს მწვადის შეწვაც კი სცოდნიათ” თქო.

თუმცა სანამ სუფრაზე პირველი კერძი გამოჩნდებოდა, აქა-იქ მოსალოდნელი (predictable) ხუმრობებით ვირთობდით თავს, როგორიცაა “ალბათ ახლა იჭერს თევზს ტბაში” და სხვ. :D .

როდესაც ყველანი დავნაყრდით, დადგა დრო, შინ დავბრუნებულიყავით. მოვითხოვეთ ანგარიში და გადაანგარიშებისას თანხაში ჩვენი მოტყუების მცდელობისას ისინი რამდენიმე ათას დრამს შეეწირნენ, თუმცა მემგონი მაინც მოტყუებულნი უფრო ჩვენ დავრჩით და აქეთ შევეწირეთ არსებულ თანხას :D .

ანგარიშსწორების შემდეგ სამარშრუტო ტაქსში ადგილები დავიკავეთ და სამშობლოსკენ გამოვემგზავრეთ. თბილისში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის ვიყავით. ასე დასრულდა ჩვენი ორ-დღიანი მგზავრობა ერევანში, Deep Purple-ს კონცერტზე.

ელიტ-ტურის შესახებ

ფასი და მომსახურების ხარისხი ამ 2 დღის განმავლობაში შესანიშნავად დაეტყო ამ კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციას და მომეცა საშუალება ჩემი აზრი შემქმნოდა ამ კომპანიის შესახებ. მათ მიერ სიურპრიზებით განებივრებულმა ახლა უკვე ვიცი, თუ რომელ ტურისტულ კომპანიას უნდა მივმართო და რომელს არა, თუ კი ქვეყნიდან გამგზავრების სურვილი გამიჩნდება.

ერევნისა და სომხების შესახებ

ქალაქი ძალიან ჰგავს თბილისს, რომელიც დაახლოებით 10-15 წლის წინ იყო; რუსული მარკის ავტომობილები, უსწორ-მასწორო გზები და სხვ. თუმცა თბილისთან შედარებით ქალაქი ბევრად სუფთაა, ვერსად ვერ ნახავთ დაყრილ ნაგავს, ყოველ შემთხვევაში ქალაქის ცენტრში მაინც.

ქალაქის ყველა შენობა ერთმანეთს აგურებით/ბლოკებით აშენების გამო ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ფერების გემოვნებაში ცოტას მოიკოჭლებენ, თითქმის ყველაფერი ნარინჯისფრად შეღებილი, თანაც ისეთი ნარინჯისფრით, მზეზე გახუნებულს, რომ ჰგავს.

მოზარდი გოგოების ნაწილი ცდილობს გამომწვევად ჩაიცვას, მიუხედავად იმისა უხდება თუ არა მას ესა თუ ის სამოსი. მამაკაცების ნაწილი კი გამოირჩევა თეთრი შარვლის ჩაცმულობით. მოკლედ ჩაცმულობის გემოვნებაშიც მოიკოჭლებენ.

2 epic შეკითხვა:

და ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელმაც ჩემი მოგზაურობა საკმაოდ ხალისიანი გახადა. კონცერტის დასრულების შემდეგ მძღოლს რატომღაც ასეთი ტიპის შეკითხვა დაებადა და დამისვა: “ცოცხლად დაუკრეს?” :D .

და მეორე შეკითხვა, რომელიც შარშან, სტამბულში მგზავრობისას დასმული იქნა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ: “გილანმა ინგლისური იცის?”.

თუ გავითვალისწინებთ მათ პროფესიებს და სამუშაო ადგილებს, მეორე შეკითხვა მეტად ეპიკურია, ვიდრე პირველი :D

რა დამრჩა ამ მოგზაურობის შემდეგ?

ამ მოგზაურობის შემდეგ დამრჩა:

  • ძალიან კარგი და ტკბილი მოგონებები, რომელიც არასდროს დამავიწყდება
  • რამდენიმე GB ფოტო და ვიდეო მასალა
  • - (მინუს) რამდენიმე ასეული ლარი
  • ახალი შეძენილი მეგობრები და ძველებთან გამყარებული ურთიერთობები
  • და რაც მთავარია, ეს:

Deep Purple-ს კონცერტის ბილეთი (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

პ.ს. რაც ჩამოვედი, მას მერე ვცდილობ ამ ფოტოების შეგროვებას და პოსტის დამთავრებას, რომელიც საკმაოდ გრძელი გამომივიდა და ჩემი აღფრთოვანებები მას, ვისაც ეყოფა გამძლეობა და  ამას ბოლომდე წაიკითხავს : ).