დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ბლოგზე საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციით გიბრუნდებით – 4 ივნისიდან საქართველოში სატელეფონი ინდექსები იცვლება. რას ნიშნავს ეს?

თუ მაგალითად თბილისში არსებული სატელეფონო ნომრები ამჟამად არის 6 ციფრიანი (XX-XX-XX), ზაფხულის დასაწყისიდანვე იგი 7 ციფრიანი (X-XX-XX-XX) გახდება.

ეს სიახლე ეხებათ, როგორც ქალაქის ნომრებს, ასევე მობილურ ოპერატორებსაც. თბილისის გარდა ინდექსების შეცვლა მოხდება საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც. ამისათვის დეტალურად იხილეთ ცხრილი.

ახალი სატელეფონო ინდექსების ცხრილი

  • თბილისში და რეგიონებში არსებულ ნომრებს წინ დაემატებათ 2-იანი.
  • რუსთავში არსებული ნომრების საწყისი 1-იანი შეიცვლება 2-იანით (შეიცვლება ასევე ქალაქის კოდიც – 341).
  • მობილური ოპერატორების ნომრებში 8-იანს ჩაანაცვლებს 5-იანი.
  • ფიქსირებულ ნომრებს 8-იანის შემდეგ დაემატება 7-იანი.

მაგალითად, თუ თქვენ 5 ივნისს გადაწყვიტეთ ახალ ბინაში გადასვლა და ავეჯის გადასაზიდად გჭირდებათ შესაბამისი კომპანიის ნომერზე დარეკვა, 25-60-60-ის ნაცვლად თქვენ უნდა აკრიფოთ ნომერი 2-25-60-60. :უფასორეკლამა:

თუ, თქვენ ქუთაისში ბებიასთან დარეკვა გადაწყვიტეთ და მისი ნომერია 1-11-11, ახლა თქვენ მის ახალ ნომერზე უნდა დაუკავშირდეთ 21-11-11.

თუ, თქვენ ბებია არა ქუთაისში, არამედ რუსთავში გყავთ, მაშინ მისი ძველი ნომრის 11-11-11 ნაცვლად უნდა დაურეკოთ მის ახალ ნომერზე 21-11-11, თუმცა თუ ამ ნომერზე დავრეკავთ, ჩვენ ქუთაისში არსებულ ბებიასთან მოვხვდებით, ამიტომაც სხვის ბებიასთან შემთხვევით რომ არ დავრეკოთ, რუსთავის ახალი კოდით უნდა ვისარგებლოთ და ჩვენი საყვარელი ბებიის ნომერიც შემდეგი იქნება 341 - 21-11-11 (ცხოვრებაში სიტყვა ბებია ერთდროულად ამდენჯერ არ გამომიყენებია).

თუ თქვენი ბებია იმდენად მაგარია, რო საკუთარი მობილურიც აქვს, მის ნომერზე დასარეკად 8-77-11-11-11-იანის ნაცვლად უნდა დავურეკოთ 5-77-11-11-11-ზე, თუმცა ეს ყველაფერი 20 ივნისიდან.

ხოლო, თუ თქვენს ბებიას მაგთი ფიქსი ან სხვა უსადენო ფიქსირებული ტელეფონი აქვს, მისი ძველი ნომრის, 8-90-11-11-11-ის ნაცვლად დავურეკავთ 87-90-11-11-11-ზე, ოღონდ უკვე 27 ივნისიდან.

სიახლეები სატელეფონო ინდექსებთან დაკავშირებით სექტემბერშიც გველოდება, თუმცა ამის შესახებ შესაბამის დროს გამცნობთ. ახლა ისედაც რთული საქმე გელით წინ, უნდა დაიმახსოვროთ როგორ ისარგებლოთ ახალი ინდექსებით,  ჩაასწოროთ ყველა საკონტაქტო ნომერი თქვენს მობილურში და რაც მთავარია, დაამშვიდოთ ბებია და აუხსნათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ კეთდება, გისურვებთ წარმატებას ყველა პუნქტში : ).

დამატებით შეგიძლიათ იხილოთ “დილა მშვიდობისა საქართველოს” სიუჟეტიც ამის თაობაზე.