მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტის წერა დაგვიანებით დავიწყე და არჩევნების თემაც დღეს უკვე ნაკლებად აქტუალურია, მაინც მსურს იმ გამოცდილების შესახებ ორიოდე სიტყვით ვთქვა, რომელიც IWPR-სთან (IWPR Insitute for War & Peace Reporting/ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) თანამშრომლობის შემდეგ მივიღე.

IWPR-ის ოფისში რამდენიმე ბლოგერი

IWPR-ის ოფისში რამდენიმე ბლოგერი

მაგრამ, ჯერ მოდით სულ თავიდან დავიწყოთ, ჯერ კიდევ იმ დღიდან, როდესაც ოფისში მე, დოდკა და სხვა რამდენიმე ბლოგერი ვიყავით მისულნი. საქმიანი დიალოგის თემა „არჩევნების გაშუქება“ იყო. მათ სურდათ ქართველი ჟურნალისტებისა და ბლოგერების (თავისუფალი ჟურნალისტები) დახმარებით შეექმნათ ისეთი საინფორმაციო წყარო, რომელიც არჩევნების მოვლენებს მომენტალურად გააშუქებდა.

ამასთან დაკავშირებით შეიქმნა ბლოგი GeoElection.Ge, სადაც სიახლეებს დავდებდით მიმდინარე დღეებთან დაკავშირებით. ეს 3-დღიანი პროექტი იყო. ჟურნასლიტები რეგიონებში გადანაწილდნენ, ბლოგერები კი თბილისში. მე „ცესკოს“ მედიაცენტრი შემხვდა (ნუ მე ავირჩიე) და 3 დღის (24 საათიანი გრაფიკით) განმავლობაში ელვისებური სისწრაფით ვდებდით ექსკლიუზიურ ინფორმაციას. პიკოლინამ სოციალური მედიისთვის ალასანიას სთხოვა კომენტარი, თინიმ შეძლო და უგულავას ჩამოართვა ინტერვიუ, მარი კახა კუკავას ესტუმრა, ეკამ თავისი გარდაცვლილი მამის სახელი აღმოაჩინა ამომრჩეველთა სიაში და სხვ. ამ სიახლეებს სხვადასხვა news სააგენტოს საიტები აკოპირებდნენ თავიანთ ვებ-გვერდებზე, ასევე ბმულები ვრცელდებოდა ფეიბუქსა და ფორუმებზე, ვიზიტორების რაოდენობამ კი რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

თუმცა, ამაზე მეტი აღარ გვინდა, პროექტი (მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით) დიდი ხანია დასრულდა, ჩვენთვის კუთვნილი ჰონორარებიც უკვე დავხარჯე(თ). როდესაც შესაჯამებელ შეხვედრაზე მივედით, გაირკვა, რომ ყველაზე მეტი და საინტერესო საიხლე ეკას ჰქონდა დაწერილი, ამის გამო მან სპეციალური პრიზიც მიიღო, რომლის შესახებაც თავის პოსტში ისაუბრა. ჩემი სიახლეები კი მეორე ადგილზე გავიდა პოპულარობითა და რაოდენობით, ამიტომაც ბონუსის სახით კიდევ დამირიცხეს თანხის გარკვეული რაოდენობა. იგივე პრიზები ჩვენს კოლეგებს, ჟურნალისტებსაც გადასცეს.

GeoElection-ის ტორტი

GeoElection-ის ტორტი

ეს იყო ყველაზე საინტერესო, ყველაზე დატვირთული და ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. შედარებით დადებითად შემეცვალა წარმოდგენა ჟურანლისტებზე და მედია სამსახურის წარმომადგენლების მუშაობაზე. მაშინ როდესაც ველოდი, რომ ყველა ტელეკომპანიის და ყველა გაზეთის ჟურნალისტები მოპოვებულ ინფორმაციას თავიანთ კოლეგებს არ გაუზიარებდნენ და მხოლოდ თავიანთი არხისთვის, თუ გაზეთისთვის შეინახავდნენ, როგორც ექსკლიუზიურ მასალას, მედიაცენტრში სულ სხვა სიტუაცია დამხვდა, ყველა ყველას იცნობდა, ყველა საუბრობდა მიმდინარე მოვლენებზე და „გარე წყაროებიდან“ მიღებულ ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებდნენ. უცხოელი დამკვირვებლების ინტერვიუებს ჯგუფურად თარმგნიდნენ. ბრიფინგებს შორის ინტერვალების დროს კი ხუმრობდნენ და ცდილობდნენ შემდეგი ჩართვისთვის მომზადებულიყვნენ.

ასე შემომაღამდა 30 მაისი „ცესკოს“ მედიაცენტრში. მეორე დღემ შედარებით მშვიდად ჩაიარა, ძირითადად შედეგების დათვლა და დარღვევების გასაჩივრებაზე იყო აქცენტი გაკეთებული. მესამე დღეს კი სოციალური მედიის ექსპერტებთან, მარკეტოლოგებთან და PR-მენეჯერებთან ინტერვიუების ჩასაწერად ვიარეთ. ყოველივე ეს არსებულ ბლოგზე შეგიძლიათ იხილოთ.

და ბოლოს,  IWPR-სთან თანამშრომლობის შემდეგ მივიღე რაღაც გამოცდილება არჩევნების გაშუქებასა და ზოგადად ჟურნალისტიკაში, ვისწავლე ჭკუა, რომ ინტერვიუს ჩაწერის დროს, ოპერატორის გვერდით, ან უკან, არ უნდა დადგე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებ რაიმე დაზიანებას და რაც მთავარია, დავრწმუნდი იმაში, რომ ჟურნალისტები არც ისე ცუდი ხალხი ყოფილა და გაურკვევლობის შემთხვევაში მათთვის კითხვის დასმის აღარ შემეშინდება, რათა დახმარებაზე პასუხად ცივი უარი არ მივიღო.