როგორც იქნა ნაბახუსევიდან (პახმელია) გამოვედი და ამ პოსტის დასაწერადაც მოვიცალე, ცოტა მოგვიანებით მართალია, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

გასულ შაბათ-კვირას კომპანია “ნატახტარმა” სასიამოვნო სიურპრიზი გაგვიკეთა ლუდის მოყვარულებს – საქართველოში პირველად ჩაატარა ლუდის ფესტივალი.

Tbilisi Beer Festival

ალბათ ჩვეულებად იქცა, რომ ყველაფერი პირველი საქართველოში პირველ საათზე უნდა დაიწყოს. ფესტივალიც სწორედ შაბათ დღეს, დღის პირველ საათზე დაიწყო.

ივნისის აუტანელ სიცხეს არც ორგანიზატორები შეუშინებია და არც იქ მისული სტუმრები. მზისაგან შეშინებული ალბათ მხოლოდ მე დავრჩი, რის გამოც მხოლოდ საღამოს გადავწყვიტე ვარდების მოედანზე მისვლა.

ხალხმაც სწორედ ამ დროს იმატა. ყოველ ნაბიჯზე ნახევრად შეზარხოშებული ახალგაზრდები კათხას კათხაზე ცლიდნენ, თივაში წამოწოლილიყვნენ და მწვადს მიირთმევდნენ. ბევრმა ამ დღის თავის მეხსიერებაში შენახვა გადაწყვიტა და ფოტოაპარატით შეიარაღებული მოვიდა.

დრო და დრო ფეხბურთის მატჩებს ქართველი შემსრულებლების სცენაზე გამოსვლა, შეჯიბრებები ლუდის სმაში და სხვადასხვა კონკურსები ენაცვლებოდა. დრო ხალისიანად გადიოდა, მოწყენილს ვერავის ნახავდით.

ასე მიილია ერთი და დაიწყო მეორე დღე, ზუსტად იგივე განრიგით, იგივე საზოგადოებით და რაც მთავარია იგივე განწყობით. რაღაც დაუჯერებელ ზღაპარს ჰგავს არა? რეალურად კი …

… ნახევარ-ლიტრიანი მუყაოს ქილები სავსე იყო რაღაც ამჟავებული ლუდით, რომლის გასინჯვაც მხოლოდ იმის გამო მომიწია, როდესაც ჩემს გვერდზე მყოფთ მისი გემო ძალიან ეუცნაურათ, ფასი კი ასეთი სასმელისათვის საკმაოდ ძვირი – 1,5 ლარი იყო.

რეპერტუარები, რომლებიც ქართველ მსმენელს უკვე ყელში აქვს ამოსული, განსაკუთრებით კი აქცენტის არ მქონე ვოკალისტების ღრიალი სცენაზე, რაც საერთოდ გაუგებარს ხდის ლირიკის გარჩევას, ხოლო დინამიკებიდან მუსიკალური “ხმაურის” გარდა ჩვენი ყურები რაიმეს გაგონების ლამობას იწყებს.

წამყვანის მაღალი ხმის ტემბრი კი საკმარისს ხდის ჩემნაირ ყრუსაც თავი აატკიოს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ მის შეძახილებსა და კონკურსანტების გასამხნევებლად გამოყენებულ ფრაზებზე.

ამ რეალობამ შემდეგ შეკითხვებამდე მიმიყვანა:

რატომ უნდა ტარდებოდეს ასეთი ტიპის ღონისძიებები ასეთ აუტანელ სიცხეში, მაშინ როდესაც იგივეს გაკეთება შესაძლებელი იყო რამდენიმე თვით ადრე, ან უკეთეს შემთხვევაში სექტემბერ-ოქტომბერში, როგორც ეს “ოქტობერფესტზე“?

რატომ ხდება საჭირო, რომ ყველაფერი ქალაქის ცენტრში გაკეთდეს, გადაიკეტოს გზები და შეფერხდეს მოძრაობა? მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ადგილები, როგორიცაა მზიური, იპოდრომი და სხვ.?

რატომ უნდა ყველა კომპანიას მსგავსი სახის აქციებისგან ფულის ამოღება და არა ჩადება (ვგულისხმობ ნორმაზე მეტ ფასს ადგილზე გასაყიდ პროდუქტებზე და ა.შ. თორემ ის ისედაც ნათელია, რომ ეს იგივე რეკლამაა და მათ სამომავლო რეპუტაციაზე იმოქმედებს და ა.შ.) ?

მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მომხმარებელიც კმაყოფილია, რადგან უკეთეს ადგილას ამ დღეებში ვერც წავიდოდა; მომწოდებელიც, რადგან ასეთი მომხმარებლების მიზიდვა მომგებიანად შეძლო და სხვ.

თუმცა ბოლოს, ერთ მეტად რიტორიკულ შეკითხვაზე გთხოვთ პასუხის გაცემას: როდისმე გაკეთდება ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა? : )