ავატარი, ეს სწორედ ის ფილმია, რომელმაც შეძლო მთელი მსოფლიოს ალაპარაკება. მის გამოსვლას ყველა მოუთმენლად ელოდა, მათ შორის ქართველებიც. დღეს კი სწორედ ამ ფილმის პრემიერა გადიოდა კინოთეატრ “ამირანში”, საიდანაც რამდენიმე საათის წინ დავბრუნდი და ემოციებისგან ჯერ კიდევ არ დავცლილვარ.

ავატარი (პოსტერი)

ავატარი (პოსტერი)

ამ ფილმის გამო არაერთი ხმაური იყო ატეხილი, თუმცა მის შესახებ არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად კი არ ვიცოდი ავატარი რას ნიშნავდა ამ ფილმის მიხედვით, უბრალოდ მის პუბლიკაციას ველოდი, რომ თავად გამეგო ყველაფერი.

რა არის ავატარი? – მოდით, მეტი გარკვევისთვის ფილმის მნიშვნელოვან ნაწილს მოგიყვებით, რაც მეტ წარმოდგენას შეგიქმნით ამ ყველაფრის შესახებ.

გალაკტიკაში არსებობს ადგილი, შეიძლება ითქვას პლანეტაც, რომელსაც პანდორა ჰქვია. აქ მოიპოვება ძვირფასი ქვა [სამწუხაროდ, სახელი ვეღარ დავიმახსოვრე], რომლის 1 კილოგრამის ფასი დედამიწაზე 20 მილიონ დოლარს უდრის. ამ ქვის მოპოვება არც თუ ისე ადვილი ხდება, რადგან ამ პლანეტაზე ბინადრობენ უჩვეულო არსებები; ადამიანის მაგვარი პიროვნებები, რომლებსაც ნაავიი ჰქვიათ (ორი “ა”-თი და ორი “ი”-თი), მათ ყავთ თავიანთი ღმერთი, ეუვა (რაღაც “ვეიქის” პონტში), ან ჩვენებურად ევა. იგი ფაქტიურად მთელს პანდორას განაგებს, მას ყველა ემორჩილება, ნაავიელებით დაწყებული და უჩვეულო მტაცებლებით დამთავრებული.

ამ ქვის მოსაპოვებლად დედამიწელებს უხდებათ პანდორელებთან შეჭიდება, რაც ადამიანურ ძალებს აღემატება. ამიტომაც მათ შექმნეს ავატარი, რაც ადამიანისა და ნაავიელების დნმ-ის შედეგად შექმნილი არსებაა. ამით ისინი ებრძვიან იქაურ მტაცებლებს რათა შეძლონ ზემოხსნებული ქვის მოპოვება.

ფილმის მთავარი გმირი, ჯეიკი, რომელსაც თავისი გარდაცვლილი ძმის მაგივრად გაიწვევენ ამ მისიაზე, არის ინვალიდი, და ავატართან ურთიერთობის შემდეგ მას კვლავინდებურად შეეძლება სიარული და მეტიც. მისი მოვალეობა გახდება, დასახლდეს ნაავიელების თემში და მოიპოვოს მათზე ინფორმაცია. რაღაც დროის გასვლის შემდეგ იგი საკუთარ თავში დაეჭვდება, თუ ვის მხარეს არის იგი.

ის, თუ როგორ მოიპოვებს ინფორმაციას, როგორ განვითარდება მისი სასიყვარულო ურთიერთობები, როგორ გახდება გმირი თუ მოღალატე, ამის გასაგებად იხილეთ ფილმი.

ეს რაც შეეხებოდა მცირე შინაარს, ახლა კი მის ვიზუალურ მხარეს, ფილმი არის ულამაზესი. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე პანდორაზე არაერთი უცნაური ცხოველი ბინადრობს, რომლებიც ძალიან ორიგინალურები, ლამაზები და ამავდროულად საშიშები არიან.

თვით პანდორაც ულამაზესი ადგილია, ჰაერში გამოკიდული მთებითა და კლდიდან მავალი ჩანჩქერებით. იკრანები, რომლებიც იქაური ფრინველები არიან, რაღაცით პტეროზავრებს ჰგვანდნენ. აღარაფერს ვამბობ წმინდა ფრინველებზე, რომლებიც მფრინავ მედუზებს გაგონებენ. ფილმის გრაფიკული მხარის ქება უსასრულოდ შეიძლება, რადგან თითეოული დეტალი ნათლად არის გამოკვეთილი.

შინაარსის შესახებ უკვე ვისაუბრე, გრაფიკაზეც ვთქვი ერთი-ორი სიტყვა, ახლა რაც შეეხება თვითონ მსახიობებს. რომ მცოდნოდა, მიშელ როდრიგესი თამაშობდა, ორმაგი სიხარულითა და ეიფორიით აღსავსე წავიდოდი ფილმის სანახავად. ძალიან მოუხდა მას პილოტი ქალის იმიჯი, რადგან არაერთ ფილმი უთამაშია “კაცური” თვისებების მქონე გოგონას როლი, თუნდაც გავიხსენოთ – ფორსაჟი.

მიშელ როდრიგესი პილოტის როლში

მიშელ როდრიგესი პილოტის როლში (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

სტეფან ლენგი, რომელმაც პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მისია და ბოროტი გენერლის როლი ითამაშა. პიროვნება, რომელსაც “სახეზე ეტყობა” სამხედრო ძალების მმართველობის პრაქტიკა. მისი მოვალეობა იყო არსებული ჯარისკაცებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება და თავდაცვის უზრუნველყოფა.

სტეფან ლენგი გენერლის როლში

სტეფან ლენგი გენერლის როლში (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

და რაღა თქმა უნდა ფილმის მთავარი გმირი, ჯეიკ სალიი, რომლის როლსაც სემ ვორსინგტონი თამაშობდა. იდეალურად შეეწყო, როგორც ინვალიდი საზღვაო პლოტის მეზღვაურის, ასევე პანდორის ერთგული მაცხოვრებლის როლს. ჯეიკი კარგი ჯაშუშიც გამოდგა, რომელიც არც რომანტიზმში მოიკოჭლებდა.

სემ ვოსტინგტონი მთავარ როლში

სემ ვოსტინგტონი მთავარ როლში (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

3D ეფექტებს რაც შეეხება, ამაზე ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან ერთ-ერთ წინა პოსტში აღფრთოვანებული ვიყავი “საშობაო ზღაპრის” ეფექტებით, აქ კი მათი ნაკლებობა იგრძნობოდა. არ დაგიმალავთ და თავიდან მეგონა, რომ ფილმის უმეტესი ნაწილი ასეთი ეფექტების გამო განუმეორებელი იქნებოდა. სამწუხაროდ შევცდი. დრო და დრო თვალს ვაპარებდი და სტერეო სათვალეს ვიხსნიდი, რათა სხვაობა მეგრძნო, თუმცა დიდი ვერაფენი განსხვავება ვერ ვნახე.

ფილმით სრულიად აღფრთოვანებული ვარ, 2 საათ ნახევარი გაუნძრევლად ვიჯექი, დაძაბული და ინტერესით ველოდი ყოველ მომენტს, თუმცა ეფექტებმა, რომლის ნახვაც სტერეო სათვალის გარეშეც მშვენიერი იქნებოდა, შედარებით გულგატეხილი დამტოვა.

აქვე იხილეთ ფილმის ტრეილერი:

მახსოვს პერიოდი როცა, თაობა ჰარი პოტერზე აფანატებდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფანტასტიკურ ფილმზე, მერწმუნეთ 2010 წელს ხალხი ავატარზე გააფანატებს. ეს ის ფილმია, რომელიც ყველამ უნდა იხილოს და შეაფასოს ჯეიმს კემერონის ეს მორიგი შედევრი. მიყვარს რეალობასთან ახლო ფილმები, მაგრამ მათ “ავატარმა” სრულიად გადაუჯოკრა და ჩემი უსაყვარლესი ფილმების ათეულში საპატიო ადგილიც დაიკავა. დარწმუნებული ვარ ეს ფილმი თქვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი კინო გახდება, თუ უკვე არ გახდა.

მოკლედ, მგონი ძალიან ბევრი მომივიდა, თუმცა ამაზე მოკლედ არ შემეძლო. ჩემი რჩევა იქნება ფილმთან დაკავშირებით, რომ ნახოთ აუცილებლად, არ ააქვს მნიშვნელობა კომპიუტერში გადმოწერთ CAMRip ვერსიას, დაელოდებით DVD ხარისხის გამოსვლას თუ წახვალთ და კინოში ნახავთ 3D ეფექტებით. მთავარია, რომ თქვენ ამ ორ საათ ნახევრის განმავლობაში აღმოჩნდებით ულამაზეს ადგილას, რომლის მაგვარიც დედამიწაზე არსად არაა. მოსწყდით ბნელ რეალობას და გაეშურეთ პანდორის ლამაზ ჯუნგლებში, უყურეთ ფილმს და მიიღეთ სიამოვნება.

პ.ს. სასურველია მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებმა ეს ფილმი არ ნახოთ, რადგან ზოგიერთი მტაცებლის დანახვაზე მათ შესაძლოა შარვალში მოითავონ, რაც დამერწმუნებით, რომ თქვენთვის, მშობელთათვის, არც თუ ისე სასიამოვნო მომენტებია. ასევე ომის და ბრძოლის მომენტი, რაც არაერთი წუთი გრძელდება ფილმის განმავლობაში, შესაძლოა სუსტგულიანებს სულიერი ტრამვაც მიაყენოს. მაგრამ თუ კი რისკიანი ხართ, მაშინ არ დაიშუროთ თანხა ფილმის სანახავად.

ბილეთის ფასები

ბილეთების ფასი  შემდეგნაირად მერყეობს:
დილის 11 საათიან სეანზე ბილეთის ფასი შეადგენს 10 ლარს, 14:20 საათზე – 12 ლარს, 17:40 საათზე – 14 ლარს, ხოლო 21 და ღამის 12 საათზე ბილეთის ფასი იქნება 15 ლარი. ( წყარო )