WOW, ალბათ ეს ის შორისდებულია, რომელიც შეიძლება პირველი თქვა 3D განზომილებით ნანახი ფილმის შემდეგ. ასეც არის, წუხელ მქონდა ბედნიერება პირველად ცხოვრებაში მენახა სამ განზომილებიანი ფილმი. ამის საშუალება კინოთეატრ “ამირანმა” ამა წლის 2 იანვრიდან მოგვცა. მე კი მხოლოდ გუშინ შევძელი ამ ახალი ტექნოლოგიებით დატკბობა.

3D ამირანში

3D ამირანში

ემოციების დამალვა სათვალის გაკეთების პირველივე წუთიდან მოყოლებული ამ პოსტის წერამდე მიჭირს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით პლასტმასის უცნაურმა სათვალემ და კომპიუტერულმა გრაფიკამ თავი ანიმაციურ სამყაროში მაგრძნობინა. თავი მულტფილმის ერთ-ერთი გმირი მეგონა, იმდენად რეალურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული.

ანიმაციური ფილმი “საშობაო ზღაპარი“  სავსე იყო ექსტრემალური ეფექტებით და გადაღებით, რის გამოც, არაერთი სცენის დროს სკამისთვის ხელების მჭიდროდ ჩაჭიდება მომიწია. ცოტაც და ვიფიქრე მეც გავფრინდები მეთქი. თოვლის ეფექტი იმდენად რეალური იყო, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე თვალში არ ჩამივარდეს ფიფქები თქო. ახლო კადრიდან გადაღებული ადამიანის სახეები და ხელები კი ანიმაციური გმირის გვერდით ყოფნის ეფექტს ჰქმნის.

ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა საქართველოს კინოთეატრებშიც დაინერგა ასეთი ტექნოლოგიები და ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ამის ბედნიერება აქამდე არ გვქონდა.

გარდა იმისა, რომ ბავშვივით გახარებული ვარ და უაღრესად კმაყოფილი, მაინც იყო მცირე ხარვეზები, რომელსაც იმედი მაქვს დროთა განმავლობაში დახვეწავენ. კერძოდ კი;

  • სათვალეები, რომლებსაც არიგებდნენ იყო ჭუჭყიანი, ალბათ წინა ნაკადებიდან პატარა ბავშვის პოპკორნიანი თითებით ნათამაშები.
  • ფილმის მსვლელობისას პირველი ნახევარი საათის განმავლობაში დაახლოებით 5 წუთიანი ინტერვალით 3-3 წამით ითიშებოდა ფილმი, უფრო სწორედ კი ჩნდებოდა შავი ეკრანი, რომლის გამოჩენის მიზეზიც სრულიად უცნობია. ალბათ ხალხის მიუჩვეველი თვალის დასვენებაზე ზრუნავდნენ :D
  • წინა რიგში მჯდომი სიცოცხლით აღსავსე პატარა ბავშვების ხელის ქნევის პროცესი, რაც მთლიანი ფილმის ყურების დროს მათთვის ხელების დამტვრევის სურვილს აღგიძრავს :D .

ასე რომ ჩემო კარგებო, არ დაზოგოთ თანხა იმისთვის, რომ მიიღოთ ეს სიამოვნება და აღმოჩნდეთ სულ ცოტა ხნით მაინც რეალურად არარეალურ სამყაროში. მაგრამ ზემოხსენებული მინუსების გამო პირადი გამოცდილებიდან გირჩევთ, რომ წაიღოთ რაიმე მწმენდავი საშუალება სათვალის გასასუფთავებლად. იყოთ მომთმენი პატარა ბავშვების ხელების ქნევის დროს და რაც მთავარია არ დაიწყოთ “ოე მეხაშე, ჩართე კინოს” ძახილი ამ რამდენიმე წამიანი ხარვეზების დროს. გისურვებთ ბედნიერ კინოჩვენებას.

მე კი მომავალ ფილმის გამოსვლამდე მომიწევს ლოდინი, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ 3D განზომილებიანი ფილმის ყურებას არავითარ შემთხვევაში არ გამოვტოვებ. თქვენ, ვისაც უკვე გინახავთ ფილმი სამ განზომილებაში, რას იტყვით? გეცნოთ ყოველივე ზემოხსნებული? გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია კომენტარის სახით. ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ უნახავს და სუურს წასვლა, დასვთი შეკითხვა კომენტარში და აუცილებლად გიპასუხებთ.

პ.ს. იმისთვის, რომ მორიგ სეანსზეც შევძლო წასვლა, აუცილებელია ბილეთის საფასურის გადახდა. დამეხმარეთ ბილეთის ფულის აგროვებაში, დააკლიკეთ გვერდით და პოსტის ქვემოთ არსებულ ტექსტურ რეკლამაზე დღეში მხოლოდ ერთხელ, რის გამოცა, წინასწარ გიხდით მადლობას :)